შესაძლო ინტერვენციის დაგეგმვისას გამოკითხულთა ინტერესებიდან ამოვედით და ისეთი პროგრამების შექმნა გადავწვიტეთ, რომელიც რესპოდენტების უმრავლესობას აინტერესებდა. ვინაიდან გორში, არაფორმალური განათლების კუთხით, დიდი კონკურენცია არ იყო, ამიტომ სტრატეგიის შემუშავების, ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლების და მსმენელთა მოზიდვის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.
რადგან ჩვენი მიზანი არა მარტო პროფესიონალი კადრების მომზადება, არამედ მათი დასაქმებაც გახლდათ, ამიტომ სასწავლო პროგრამაში ისეთი კურსების შეტანა გადავწყვიტეთ, რომლის შესწავლის სურვილი რესპოდენტებს არ გამოუთქვამთ, მაგრამ შრომით ბაზარზე ეს პოზიციები ყველაზე მოთხოვნადი იყო.
აქ გაჩნდა საშიშროება, რომ ამ პროგრამებზე ჯგუფები არ შეივსებოდა. მსმენელს სწავლაში თანხა უნდა გადაეხადა და ბუნებრივია, ამას გარკვეული დაინტერესების გარეშე არ გააკეთებდნენ. ამიტომ სხვა ხერხს მივმართეთ. გადავწყვიტეთ ეს პროგრამები მათთვის ბონუსის სახით გვეჩუქებინა. ერთი კურსის გავლის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებდა მეორეს, ანუ ისეთს, რომელზეც მოთხოვნა შრომით ბაზარზე დიდი იყო . აქ უკვე კარგი ფინანსური გათვლა და ყველაფრის დეტალური ანალიზი იყო საჭირო.
ინტერვენცია
ვინაიდან ფონდმა, რომელშიც
კვლევა განვახორციელეთ და ინტერნევციისთვის
ცალკეული ეტაპებიც შევიმუშავეთ,
ფუნქციონირება ვეღარ/აღარ გააგრძელა,
შევეცადეთ არაფორმალური განათლების კიდევ ერთი განვითარების საჭიროების წინაშე მდგომი ორგანიზაცია მოგვეძებნა და
შემუშავებული ინტერვენციული ნაბიჯები უკვე მცირედი ცვლილებებით ამ ახალ ობიექტზე
განგვეხორციელებინა. ბუნებრივია, ეს დამატებით შრომასთან იყო დაკავშირებული იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც სამუშაო და სასწავლო გრაფიკის გამო დავდექით. ამიტომ
რეგიონში ახალი კვლევის წარმოება დროითი და ადამიანური რესურსის დეფიციტის გათვალისწინებით კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
იძულებულები გავხდით, მუშაობა თბილისის მასშტაბით განგვეხორციელებინა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნების და მუშაობის სპეციფიკის წინაშე შეიძლებოდა დავდგარიყავით.
ჩვენ მიერ შემუშავებული ინტერვენციის განსახორციელებლად იმ ეტაპზე
ყველაზე რეალური ახლად შექმნილი ორგანიზაციის საქმიანობაში „ჩარევა“
ჩანდა. ასეთი ორგანიზაცია ძნელად მოსაძებნი არ გამხდარა. ჩვენი ყურადღების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულის“ სასწავლო ცენტრი მოექცა.
ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:
„არასამეწარმეო იურიდიული პირი „სიტყვა ქართული“ დაფუძნდა 2013 წლის 5 თებერვალს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა (მათ შორის ახალგაზრდობის) ჩართულობის გაზრდას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მედიის თავისუფლების მხარდაჭერას; მოქალაქეთა უფლებების დაცვას და კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციული წვდომის უზრუნველყოფას; დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრებას; არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობას და მონიტორინგს; მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას; სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას.“
ორგანიზაცია რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის სასწავლო ცენტრი, რომლის საშუალებითაც ხდება დანარჩენი პროექტების დაფინანსება. საინტერესოა თავად ის ფაქტიც, რომ სასწავლო ცენტრის მთავარი მიზანი საკუთარი პროექტებისთვის კადრების მომზადება გახლავთ, რაც გამორჩეული მსმენელების დასაქმების უპირობო გარანტიას იძლევა.
ჩვენი ინტერვენციის დაწყებამდე ორგანიზაციას ჰქონდა სასწავლო ცენტრის იდეა და მხოლოდ პერიოდულად განახლებული საიტი. ამის შესახებ
ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფის წევრისგან შევიტყვეთ, რომელიც თავად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. შესაბამისად, დეტალური ინფორმაციის მოპოვება პროექტის იდეის და მისი სამომავლო პერსპექტივების შესახებ (ორგანიზაციის წარმომადგენელთა ხედვით) არ გაგვჭირვებია. ცენტრს ჰქონდა გაკეთებული განაცხადიც სტანდარტული სასწავლო პროგრამების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ბუღალტერია, კომპიუტერული კურსები, ენების შემსწავლელი მოკლევადიანი პროგრამები და ა.შ.
დავინტერესდით, იყო თუ არა გამოხმაურება განაცხადებზე, კონკრეტულად რა სახის განაცხადი გააკეთეს, რა რესურსი გამოიყენეს და ა.შ. და მოსალოდნელი პასუხის მივიღეთ. ბუნებრივია, გამოხმაურება იყო, მაგრამ... ცენტრი მათ არაფერს განსხვავებულს არ სთავაზობდა, შესაბამისად, მსმენელთა რაოდენობა ვერანაირად ვერ მიაღწევდა საჭირო ნიშნულს.
ეს იყო ზუსტად ის მომენტი, როდესაც ჩვენ მიერ შემუშავებული ინტერვენცის განხორციელება დამატებითი კვლევების გარეშეც იყო შესაძლებელი, თუმცა ტერიტორიული ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედი მოკვლევა მაინც ჩავატარეთ.
გადავხედეთ სხვა მოკლევადიან კურსებს და მათ პროგრამებს, ვნახეთ ფასები და პირობები, გამოვიყენეთ ერთ-ერთი სალექციო კურსის ფარგლებში შექმნილი პროექტიც, რომლისთვისაც სწორედ არაფორმალურ განათლებაზე ვიმუშავეთ, ჩავატარეთ ინტერნეტგამოკითხვაც, ვთხოვეთ ახლობლებს, მეგობრებს, დაგვხმარებოდნენ იმის გარკვევაში, რა პროგრამები იყო მოთხოვნადი, ამისთვის მათ ჩვენი კითხვარები გადავეცით გასავრცელებლად, გადავხედეთ ვაკანსიებსაც, ამან საშუალება მოგვცა,
განგვესაზღვრა მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობა შრომით ბაზარზე.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძალიან გამოგვადგა ადრე გაკეთებული კვლევები, რომელიც უნივერსიტეტის სალექციო კურსის ფარგლებში ვაწარმოეთ. ერთ-ერთი ასეთი კვლევა ინლისური ენის შემსწავლელ კურსებს ეხებოდა, რომელიც
„ინგლისური ენის აკადემიაში“ ფუნქციონირებდა. ეს სასწავლებელი დანარჩენებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მაშინ ძალიან პოპულარული ქალანის მეთოდის გარდა, სასწავლებელს ინგლისური ენის უფრო ეფექტურად შესწავლისთვის საკუთარი პროგრამა ჰქონდა შემუშავებული.
მეცადინეობა კვირაში სამჯერ ტარდებოდა. აქედან ქალანის მეთოდით მხოლოდ 3
საათი იყო განსაზღვრული. სასწავლებელი ატარებდა ლიტერატურის და ისტორიის ლექციებსაც, ჰქონდა პრესის გაკვეთილებიც, სადაც ცალკეული პუბლიკაციების განხილვა ხდებოდა, სწავლობდნენ სლენგებსაც და იდიომატურ გამონათქვამებსაც,
ამისთვის დამატებითი საათი იყო გამოყოფილი, თვეში ერთხელ ტარდებოდა კინოსეანსიც სუბტიტრების გარეშე და იმ დღესვე ხდებოდა მისი განხილვა. და ყველაზე მთავარი - მსმენელი სწავლობდა მისთვის სასურველ დამატებით ენას საჩუქრად. ჰქონდათ საკმაოდ შთამბეჭდავი სლოგანიც - შეისწავლე ორი ენა ერთის ფასად. ამ ყველაფრის ღირებულება კი თვეში 120 ლარი გახლდათ.
შთამბეჭდავი პროგრამა, სწორად მიწოდებული მესიჯები
და შედეგი - სასწავლებელს მსმენელი წელიწადის არცერთ დროს არ აკლდა.
ჩვენმა ჯგუფმა ამ სასწავლებლის გამოცდილების გაზიარება და გარკვეული ბონუსების სასწავლო პროგრამაში შეტანა გადაწყვიტა.
სასწავლო ცენტრს სხვა, გაცილებით უფრო გამოცდილი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კონკურენცია უნდა გაეწია. გასათვალისწინებელი იყო სხვა გარემოებებიც - ორგანიზაცია პოლიტკოვკსაიას (ყოფილი ჯიქიას)
16-ში მდებარეობდა. ეს საკმაოდ შორი იყო ბევრი სწავლის მსურველისთვის. გარდა ამისა, მსმენელებისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი აუდიტორია. შესაბამისად, პრობლემატური იქნებოდა მრავალრიცხოვანი ჯგუფების შექმნაც. მათ ერთმანეთისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. აუდიტორია იყო ღია, შესაბამისად ყველა გარეგანი ხმაური ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა ლექციის მიმდინარეობისას, თუმცა იყო საყურადღებო,
პოზიტიური ფაქტიც - სართულზე სხვა სახის დაწესებულება არ იყო, შესაბამისად, ეს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა ლექციის ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას.
პირველი, რისი მოგვარებაც ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ეთერ მონასელიძეს ვთხოვეთ, მეორე აუდიტორიის გამოყოფა გახლდათ. ეს პარალულურ რეჟიმში თუნდაც ორი ლექციის ჩატარების საშუალებას მოგვცემდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორე აუდიტორიაც მოიძებნა,
ეს ორგანიზაციის პრესკლუბი გახლდათ.
ის, რაც ცენტრს უკვე მოფიქრებული ჰქონდა - მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა გალხდათ. მაგალითად, ჟურნალისტიკის ფაკულეტისთვის მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს გოდერძი შარაშიასთან, რეჟისურირა-პროდიუსინ პროგრამის
გაძღოლა რამაზ ბლუაშვილს სთხოვეს, ტელემონტაჟი „იმედის გმირების“ მთავარ მემონტაჟეს უნდა ესწავლებინა და ა.შ.
ბუნებრივია, ეს მსმენელებისთვის უკვე დიდი სტიმული იყო.
მეტი ეფექტის მისაღებად, ჩვენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეული ბონუსების შემოღება შევთავაზეთ და რამდენიმე პროგრამის კომბინირებულად შემუშავების უფლება ვითხოვეთ. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ ცენტრში უკვე არსებული კურსებისგან რამდენიმე სახის პროგრამა შევქმენით.
გავაერთიანეთ რეჟისურა-პროდიუსინგი და ტელეოპერატორის ხელოვნება და ბონუსად მსმენელებისთვის
ტელემონტაჟის სრული კურსის შეთავაზებაც ვთხოვეთ.
ტელეჟურნალისტიკა ტელემონტაჟთან დავაკავშირეთ. ასე მსმენელები საკუთარ სიუჟეტების დამონტაჟებას თვითონვე შეძლებდნენ და ბონუსად მეტყველების გაკვეთილების შემოღების რეკომენდაციაც მივეცით. ეს
აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა ჟურნალისტისთვის.
ჩვენ მიერ შეთავაზებული ბუღალტერიის პროგრამა თეორიული, ტექნიკური და კომპიუტერული ცოდნის ინტეგრირებას ითვალისწინებდა.
სასწავლებელს შემუშავებული ჰქონდა ინგლისური და რუსული ენების სწავლების საკუთარი მეთოდებიც, თუმცა... მსგავსი ტიპის კურსების სიმრავლეს თუ გავითვალისწინებთ, კონკურენციის გაწევა ამ შემთხვევაში, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ადვილად მისაღწევი.
ამიტომ კომპონენტური სხვაობისთვის ტელეხიდების შემოღება შევთავაზეთ. მათი პროგრამა სამეტაპიან, თემატურ სწავლებას ითვალისწინებდა. ყოველი თემის დასასრულს კი კარგი იქნებოდა მიღებული ლექსიკური მარაგის საფუძველზე ტელეხიდის საშუალებით დისკუსიის გამართვა ადგილობრივი მოსახლეობის ნებისმიერ წარმომადგენელთან. კონტაქტების მოძებნა მარტივად იქნებოდა შესაძლებელი სოციალური ქსელების გამოყენებით, ხოლო ტექნიკური განხორციელების საშუალებას პროგრამა სკაიპი მოგვცემდა.
გორში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ჩვენ
ორგანიზაციას სამხატვრო აკადემიისთვის მოსამზადებელი კურსი და პრაქტიკული კურსიც შევთავაზეთ იურისტებისთვის.
სასწავლებლისთვის შევიმუშავეთ ერთი საერთო წესიც.
ყველა პროგრამაზე სწავლება უნდა ყოფილიყო
სამეტაპიანი. თითო ეტაპი უნდა გაგრძელებულიყო 3 თვე. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ყველას მოთხოვნა ყოფილიყო გათვალისწინებული. ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც უმოკლეს ვადაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა უნდოდა. ყოველი ეტაპის ბოლოს მსმენელს სწავლის შეწყვეტის და სერტიფიკატის მიღების საშუალება უნდა ჰქონოდა.
კურსის ფარგლებში მომზადებული ყველა ტიპის მასალა, იქნებოდა ეს სიუჟეტი, სტატია თუ სხვა უნდა ატვირთულიყო ორგანიზაციის მიერ შექმნილ პორტალზე „sazogadoeba.ge”. სწავლების მესამე საფეხური მსმენელს უნდა ჩათვლოდა სამუშაო სტაჟში.
ეს უკანასკნელი ორივე პროექტისთვის იქნებოდა მომგებიანი. პორტალი მიიღებდა დამატებით მასალას სრულიად უფასოდ, ხოლო მსმენელს მიეცემოდა დამატებითი მოტივაცია ამ კონკრეტულ სასწავლებელში სწავლის დასაწყებად.
რაც შეეხება თავად პროგრამებს, შევთავაზეთ, რომ ლექტორებისთვის საკუთარი პროგრამით მოქმედების საშუალება მიეცათ. ასე ისინიც მეტი ენთუზიაზმით მიუდგებოდნენ საქმეს და სამოქმედო გეგმას და მისაღწევ მიზნებს ბევრად ეფექტურად გაწერდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმა ყველა პროგრამისთვის იდენტურად გავწერეთ, ჩვენი თანამონაწილეობით ინტერვენციის განხორციელება ორი, ერთმანეთზე დამოკიდებულ კურსზე ვცადეთ.
პროგრამა აქტუალურობის მიხედვით შევარჩიეთ და
ჩვენი მოქმედებაც ქრონოლოგიურად გავწერეთ. ასე შედარების საშუალება მოგვეცა. შედეგებს ქვემოთ წარმოგიდგენთ.
პირველ რიგში ლექტორებს შესასწავლი საკითხების თეზისებად ჩამოწერა ვთხოვეთ და ორი პროგრამის სარეკლამო ტექსტიც გავწერე.
ჩვენივე რეკომენდაციის საფუძველზე სასწავლო ცენტრმა
საიტზე დაამატა ონლაინ განაცხადის ფორმაც, რაც პოტენციურ მსმენელს მისთვის სასურველ
კურსზე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად დარეგისტრირების
საშუალებას მისცემდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა,
ამ ფორმამაც გაამართლა. რეგისტრირებულ მსმენელთა 90% კურსებზე სწორედ ამ გზით დარეგისტრირდა.
ამ ეტაპისთვის გვქონდა პროგრამები, გვყავდა ლექტორები,
არსებობდა საიტი, ფეისბუქგვერდი, აუდიტორია. ახლა აუცილებელი იყო საზოგადოებისთვისთვის
ინფორმაციის მიწოდების გზებზეც გვეფიქრა. ჩვენი
ამოცანა იყო ორ-ორი ჯგუფი მაინც ორივე პროგრამაზე შეგვევსო, ლექციების მიმდინარეობას
დავკვირვებოდით და სამთვიანი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელთა კმაყოფილების დონეც
განგვესაზღვრა. ეს იქნებოდა პირდაპირი პასუხი კითხვაზე, გაამართლა თუ არა ჩვენმა ინტერვენციამ.
ჩვენი თავდაპირველი ამოცანა იყო:
1.
ეფექტური
პროგრამების მოფიქრება
2.
მთავარი
მესიჯის განსაზღვრა და განსხვავებული კურსების ერთ ჩარჩოში მოქცევა
3.
ცნობადობის
გაზრდა, ანუ ინფორმაციის გავრცელება
4. სალექციო
პროგრამების ეფექტური ინტეგრაცია-შერწყმა (მსმენელების ურთიერთკავშირი)
5.
მსმენელებისთვის
შემოქმედებითი ასპარეზის შექმნა
6.
დამატებითი
სტიმული
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეულ ლექტორს საკუთარი პროგრამის
წარმოდგენა ვთხოვეთ, საკითხები მოკლე თეზისებად ჩამოვაყალიბეთ და ეფექტურად შევფუთეთ.
რამდენიმე პროგრამის გაერთიანებამ შედეგი გამოიღო.
ახლა საჭირო იყო მთავარი მესიჯის მიწოდებაც. რეჟისურა/პროდიუსინგი
ყოველი ეტაპის ბოლოს, ერთი დოკუმენტური ფილმის შექმნას ითვალისწინებდა, ამიტომ მთავარ
მესიჯად „გახდი ფილმის ავტორი“ გამოვიტანეთ.
ტელეჟურნალისტიკა/მონტაჟის თეზისი კი „სწავლა დასაქმებით“
გახდა. როგორც ორგანიზაციაზე საუბრის დროს აღვნიშნეთ, მათი მთავარი მიზანი ჟურნალისტების
მომზადება გახლდათ. შეიძლება ითქვას, ორგანიზაცია სასწავლო ცენტრს საკუთარი მომავლისთვის
ქმნიდა. საიტის რეკონსტრუქცია მრავალი დამატებითი კომპონენტის შეტანის საშუალებას იძლეოდა
და ერთ-ერთი ასეთი ჩანართი სიუჟეტების ბლოგი გახლდათ. ტელეჟურნალისტიკის კურსი კი მომავალი
თანამშრომლების მათებურად აღზრდის კარგი საშუალება
იყო. გარდა ამისა, პროგრამა საინფორმაციო-ანალიტიკურ
პორტალზე სტაჟირების გავლის საშუალებას იძლეოდა. ესეც ერთი დამატებითი სტიმული გახლდათ.
ამიტომ მესიჯი - სწავლა დასაქმებით, არარეალური ნამდვილად არ იყო.
შემდეგი ნაბიჯი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას
გულისხმობდა. ქალბატონი ეთერი სარეკლამო „ფლაერების“ დამზადებაზე დავითანხმეთ. მინიმალურ
ფასად მაქსიმალური რაოდენობის დაბეჭდვა შევძელით და 2500 ცალი ფლაერი ინტერნეტ-პორტალ
„sazogadoeba.ge”-ს ჟურნალისტთა დახმარებით ცალკეულ უბნებში ერთობლივად
დავარიგეთ. სამოქმედო არეალად ძირითადად ის ადგილები შევარჩიეთ, რომელიც შედარებით უფრო ახლო მდებარეობდა სასწავლებელთან.
მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
ამიტომ ორივე კურსის თეზისებად გაწერილი პროგრამა ცალკე
ფურცლებზეც ამოვბეჭდეთ. ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან ასაცილებლად, სარეკლამო
ტექსტი ჩვეულებრივ, A4 ფორმატის თეთრ ფურცელზე
მოვათავსეთ და ახლომდებარე უბნებში, კორპუსებში, მაღაზიებთან, გაჩერებებთან, ყველგან,
სადაც კანონი არ კრძალავდა, გავაკარით. ბუნებრივია, ამას დროის მოკლე მონაკვეთში მხოლოდ
სამნი ვერ მოვახერხებდით, ამიტომ ამაშიც sazogadoeba.ge-ს კოლექტივი დაგვეხმარა.
შემდეგი ნაბიჯი უკვე სოციალური ქსელები და დასაქმების
საიტები გახდა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე მივიღეთ.
რეკლამისთვის შევარჩიეთ ორი ფასიანი საიტი: hr.com.ge და jobs.ge და უფასო
stajireba.ge და media.ge, ხოლო გამოქვეყნებული
ინფორმაციის სოციალურ ქსელებზე გაზიარება უკვე საკუთარ თავზე ავიღეთ.
ორ კვირაში პირველი შედეგი მივიღეთ: თითო ათკაციანი
ჯგუფი რეჟისურა/პროდუსინგზე და ერთიც ტელეჟურნალისტიკაზე. ზუსტად მეორე ორ კვირაში
ამას ორივე სპეციალობაზე კიდევ თითო ჯგუფი დაემატა.
ახლა მნიშვნელოვანი იყო გასაუბრების პროცესი. არანაკლებ რთული იყო იქ მოსული მსმენელების შენარჩუნება.
ამიტომ პირველი (გასაუბრების) და მეორე (სალექციო)
დღეები სერიოზულად დავგეგმეთ. ბევრი ვიფიქრეთ, რა და როგორ შეგვეთავაზებინა უკვე რეგისტრირებული
პოტენციური მსმენელებისთვის.
საბოლოოდ მცირე ფსიქოლოგიური ხერხი გამოვიყენეთ. დავსვით
კითხვა, რას ელოდნენ ამ კურსისგან და შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ მივაწოდეთ
ჩვენი შეთავაზება ისე, როგორც, ჩვენი აზრით,
მათ უნდა მოსწონებოდათ. წინადადებები მათ მოთხოვნებს ისე მოვარგეთ, რომ არც შინაარსობრივი
მხარე და არც სტრუქტურა არ შეგვიცვლია. რაც მთავარია, ვეცადეთ, ჩვენ მიერ მიწოდებული
ინფორმაცია არ ყოფილიყო გადაჭარბებული, რომ შემდგომში იმედგაცრუებას ადგილი არ ჰქონოდა.
კმაყოფილი მსმენელი ხომ შემდგომი წარმატების გარანტიაა.
კარგად იმუშავა მესიჯებმა: დასაქმების შესაძლებლობა,
ბონუს ლექციები, ინტეგრირებული კურსები. მნიშვნელოვანი იყო პროდუქტი, რომლის შექმნასაც
კურსის ფარგლებში ვთავაზობდით. მაგალითად, ოპერატორებს უნდა ემუშავათ ჟურნალისტებთან
და ა.შ. დადებითად იმოქმედა კურსის სრულმა ღირებულებამაც. მაქსიმალური შედეგი მინუმალურ ფასად + შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
გასაუბრებამ შტამბეჭდავად ჩაიარა. ხელშეკრულება ყველა მმენელთან გაფორმდა.
მეცადინეობა 15 ოქტომბერს დაიწყო. და ზუსტად სამი თვის თავზე, 15 იანვარს დასრულდა.
ლექციებს კვირაში ერთხელ რომელიმე ჩვენგანი მაინც ესწრებოდა
და მის მიმდინარეობას აკვირდებოდა. სასწავლებლისთვის ყველა ლექტორი მონაპოვარი აღმოჩნდა.
შერწმული, სინთეზური და კარგად გაწერილი პროგრამები ლექციების უნიკალურობას სძენდა.
საზღარგარეთ მიღებული გამოცდილების ქართულ ხასიათთან შერწყმამ პოზიტიური შედეგი მოიტანა.
ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც გაიწერა. ლექტორები საკუთარ საქმეს ასრულებდნენ,
ხოლო მსმენელები ლექტორების დავალებებს პასუხისმგებლობით
ეკიდებოდნენ. ნდობის მოპოვება თავად პროგრამის ხელმძღვანელებმა ჩვენს ჩაურევლად შეძლეს.
ზუსტად სამი თვის თავზე პირველი შედეგიც მივიღეთ. ტელეჟურნალისტიკის
კურსდამთავრებულებმა ტელევიზიის, პრესის და რადიოჟურნალისტიკის სპეციფიკა კარგად შეისწავლეს, ე.წ. „სტენდ აფებსაც“ უპრობლემოდ წერდნენ
და ოპერატორებთანაც (მეორე პროგრამიდან) ურთიერთობას მარტივად ახერხებდნენ. მეორე ეტაპი კი უკვე სიუჟეტების მომზადებას, სტატიების
წერას და რადიოგადაცემების ჩაწერას უნდა დაეთმოს.
ტელესიუჟეტები და სტატიები პორტალზე აიტვირთება, ხოლო გადაცემა რადიო medfm-100.3-ზე გავა, რომელთან მოლაპარაკებაც უკვე წარმატებით დასრულდა.
რადიო კურსდამთავრებულებს კვირაში ერთ სრულ საათს დაუთმობს.
რაც შეეხება რეჟისურა/პროდიუსინგის/ოპერატორის ხელოვნების
კურსდამთავრებულებს, პროგრამის ფარგლებში შექმნილი პირველი ფილმის პრეზენტაცია, სავარაუდოდ,
თებერვლის ბოლოს გაიმართება. ამ ეტაპზე გადაღებული მასალის დამუშავება-დამონტაჟება
მიმდინარეობს. მეორე ჯგუფების საკითხიც ისეთივე თანმიმდევრობით წყდება. ის ზუსტად ანალოგიური შედეგებით ორ კვირაში დასრულდება.
ერთადერთ პრობლემას, რომელსაც ამ სამი თვის თავზე წავაწყდით, პირველი ეტაპის დამადასტურებელი სერტიფიკატები გახდა.
სამმა მსმენელმა ფინანსური მოტივით სწავლის შეწყვეტა გადაწყვიტა, სასწავლო ცენტრის
ხელმძღვანელობა კი მათ მიერ შეძენილმა ცოდნამ
არ დააკმაყოფილა. ბოლო „სტენდ-აფ“-ზე დაძაბულობა ეტყობოდათ, თემის უფრო თამამად გაშლის
შიშიც იგრძნობოდა და მეტყველების პრობლემებმაც თავი იჩინა. რბილი „ლ“ და მოკლედ ნათქვამი
ხმოვნები, სწრაფი მეტყველება და არასწორად დასმული მახვილები, ინტონაციური დეფექტები
და ვიბრირებული ხმა, რაც მათ ნათქვამ წინადადებებს დამაჯერებლობას აკლებდა.
ლექტორმაც და სასწავლებლის ხელმძღვანელობამაც ხსენებული
ფაქტორები იმის საბაბად მიიჩნიეს, რომ სერტიფიკატების გაცემაზე ან უარი ეთქვათ, ან უბრალოდ, „მოისმინას“ ტიპის დამადასტურებელი მოწმობა
გაეცათ.
ვცადეთ იმ მიზეზების გამოკვლევაც, თუ რატომ იყო ასეთი
განსხვავებული მსმენელთა მიღწევები. ბუნებრივია, ეს მიღწევები არასწორად მიწოდებული
ინფორმაციის შედეგი არ იყო. ხსენებული მსმენელები ლექციებს აცდენდნენ. შედეგად, გარკვეული
ნიუანსები მხედველობიდან გამორჩათ. და რადგან დიდი ალბათობით არაპროფესიონალი კადრები
სასწავლო ცენტრის იმიჯზე უარყოფითად შეიძლებოდა ასახულიყო, ჩვენ მათ ამ ადამიანების
თავიდან გადამზადება უკვე ახალ ჯგუფთან ერთად შევთავაზეთ მხოლოდ გარკვეული შეღავათებით,
მაგალითად, 50%-იანი ფასდაკლებით და ა.შ.
გაითვალისწინებს თუ არა სასწავლებელი ჩვენს რეკომენდაციას,
ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სანაცვლოდ, ცნობილია პროგრამაში მონაწილე თითქმის ყველა
მსმენელის კმაყოფილების დონე, რომლის განსაზღვრაც სპეციალური კითხვარის საშუალებით
შევძელით.
Комментариев нет :
Отправить комментарий